საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

ჩოხატაური - ლელოს კერა და მარადი ფალავანი

ჩოხატაურული ლელო სპორტული ფენომენია: გურიის ამ მომცრო, მთიანი რაიონის გუნდი საბჭოთა ხანაში ზედიზედ იგებდა "რესპუბლიკის პირველობებს"

ასე გაგრძელდა ოთხი ათეული წელი. იცვლებოდა თაობები, შედეგი კი ერთი და იგივე იყო. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ მეტოქეებს იმედი ეწურებოდათ, ბრძოლის ხალისი უქრებოდათ და ბარაქიანად მარცხდებოდნენ, ლელო-ბურთის კერათა-კერა კი რამდენიმე გუნდითაც ებმებოდა შეჯიბრში და კვარცხლბეკს იპყრობდა.

მავანი შეიძლება შეგვადაოს, ლელომ მთელს საქართველოში, მეტადრე კი თბილისსა და სხვა ქალაქებში რომ ვერ გაიდგა ფესვი, გურულები მაგად მძლავრობდნენ ე-მაგ სახეობაშიო, მაგრამ ჩვენ პასუხად მივუგებთ, რომ ჩოხატაურზე განუზომლად დიდი ადამიანური რესურსის მყოლი დედა-ქალაქისა და გინდაც მამა-ქალაქ ქუთაისისთვის არავის დაუშლია მძიმე ბურთით ლაღობა. ჰოდა, ლელო რომ ვერ განავითარეს, თავს დააბრალონ.

პოსტ-საბჭოურ საქართველოში ჩოხატაურულ ლელოზე ლეგენდები დადის. პირადად მინახავს გურულებისა და მათი მარადი მეტოქის, მარტვილის რამდენიმე გადამწყვეტი, სასეირო რკენა. ორივე გუნდს თავისი, გამორჩეული სტილი ჰქონდა, მაგრამ უპირველეს ეროვნულ თამაშს მაშინ რომ არ ჰყავდა მოსიყვარულე პატრონი და გონიერი ქომაგი, ბიჭები ძაანაც არ იცავდნენ რეჟიმს და მოედანზეც ხშირი იყო აყალ-მაყალი.

არადა, იმხანად სახაზინო ფული არ ჭირდა, მაგრამ ვერაფრით დაედგა თავი ლელოს დანერგვას საქართველოს ყველა კუთხეში და სერიოზული, ორ-წრიანი პირველობის მიმოსვლით ჩატარებას. ამაზე გაზეთი "ლელო" ყოველი მიგლახავებული სეზონის შემდეგ წერდა გულის-ტკივილით, საქმე კი ადგილიდან მაინც არ იძროდა. ჰოდა, გუნდების უმეტესობა მაშინღა იკრიბებოდა და იწყებდა ვარჯიშს, შეჯიბრი რომ მოახლოვდებოდა.

იმედია, ამიერიდან ასე აღარ იქნება და XXI საუკუნის საქართველოში ნაღდი, თანამედროვე, სპორტული ლელო ყველგან გავრცელდება. შეგვიტყვია, რომ სრულიად გურია სიხარულით შეხვდა ლელოს ფედერაციის აღდგენას და შემუშავებას ახალი წესებისა, რომელშიც მათივე იდეებია დაკანონებული:

სწორედ რომ ჩოხატაური ჯერ კიდევ 1951 წელს ითხოვდა ბურთის ჩახვევის (შეკვრის) სრულ აკრძალვას და თამაშის ორი მსაჯით გაძღოლას, მაგრამ ვიწრო ინტერესს გადაგებულმა კონკურენტებმა არა ჰქნეს, რითაც ლელოს ევოლუცია დიდი ხნით შეაფერხეს. უვარგისი წესებით შებორკილმა, მაგრამ საზრიანმა ჩოხატაურმა ეგეთ გარემოშიც განავითარა ბურთაობა, ამიერიდან კი, ახალი კოდექსით დაკვალიანებული, მეტად გაილაღებს.

30 XII 2013

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

22/04 @ 2017