საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

სენაკში მუზეუმი გაიხსნა

სენაკში დავით კილასონიას თაოსნობით რაგბისა და ლელოს მუზეუმი გაიხსნა.  

ექსპონანტებს შორისაა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების პირველი მაისური (1989), პირველი სამკერდე ნიშანი, პირველი ჰალსტუხი და სხვა მრავალი რელიკვიაც, რომლებიც უკავშირდება დამოუკიდებლობის პერიოდს, მეტადრე კი ბორჯღალოსნების პირველ ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე.

მუზეუმში მრავლადაა სხვადასხვა ქვეყნიდან წლობით ჩამოტანილი სუვენირი, ლიტერატურა და ფოტო-მასალა, თითო კუთხე კი ლელოსა და სამეგრელოს რაგბის ისტორიას, მის წარსულსა და აწმყოს ეთმობა.

ერის კაცი ლეგენდა - დავით კილასონია

აი, როგორ ახასიათებს მუზეუმის დამფუძნებელს მისებრ გამოჩენილი ვეტერანი მორაგბე, ირაკლი კიზირია, ლონდონში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტების მიერ 2015 წლის მსოფლიო თასისთვის გამოცემულსა და მერე და მერე ინგლისურადაც ნათარგმნ ბროშურაში:

"ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე და დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ ნაკრების წევრი და საბჭოეთისვე პროფ-კავშირული ნაკრების მწვრთნელი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების დამფუძნებელი და მისი პირველი მთავარი მწვრთნელი;აბჭოთა რაგბის ისტორიაში ევროპის "ერთა თასის" პირველი პრიზიორი; საკავშირო თასის მფლობელი და ჩემპიონატის სამ-გზის პრიზიორი; საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) დე-ფაქტო თავკაცი სახელმწიფო მწვრთნელის რანგში; სსრკ რაგბის ფედერაცის პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს სპორტ-კომიტეტის სპორტ-თამაშობათა სამმართველოს უფროსი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი აღმასკომის წევრი; სეოკ-ის სპორტის ეროვნულ სახეობათა კომისიის თავმჯდომარე; სეოკ-ის კომერციული დირექტორი.

დაიბადა 1951 წელს, თბილისში.  დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფიზიკის ფაკულტეტი და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი (მწვრთნელის სპეციალობით)"

აი, დათოს მოკლე ბიოგრაფია, მაგრამ ეს მხოლოდ მშრალი ფაქტებია.  

დავით კილასონია არის ქართულ რაგბში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, უდიდესი მოაზროვნე, ტექნიკური 9 და 10 ნომერი, გამთამაშებელი და გოლეადორიც - 1978 წელს, როდესაც თბილისის "ლოკომოტივმა" საკავშირო თასი მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, გუნდის წლიური მონაგარი შეადგენდა 193 ქულას, აქედან 103 კი პირადად დათოს ანგარიშზე იყო.  

იმავე ხანაში ვროპის ფედერაციის (ფირა) დიდ-მოხელემ, რუმინელმა დოქტორმა ირიმესკუმ დათოზე თქვა, ეს ბიჭი ევროპის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებსო.

როცა თამაშობდა, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ მოთამაშე-მწვრთნელი იყო (თსუ, ლოკომოტივი, შევარდენი).  თამაშს თავი რომ დაანება, აღნიშნული გუნდების გარდა, წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს და ყველგან თან სდევდა წარმატება.

დიდი მოთამაშე და მწვრთნელი ხომ იყო და კიდევ უფრო წარმატებული ხელმძღვანელი გამოვიდა.  ქართული რაგბის ერთ-ერთი „ოქროს მონაკვეთი“ დათოს სახელმწიფო მწვრთნელობას ემთხვევა:  ქუთაისის კლუბის გამარჯვებები (სამი ჩემპიონობა, ორი თასი); საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სამი გუნდის (ქუთაისი, ლოკომოტივი, შევარდენი) ყოლა; საქართველოს ტელევიზიაში ზეპური რაგბის გადაცემების დაწყება (თვითონ მიყავდა); ფიზკულტურის ინსტიტუტში მისი ინიციატივით რაგბის სპეციალობის გახსნა (თვითონ კითხულობდა ლექციებს); გაზეთ „ლელოში“ თამაშების მცოდნედ გარჩევა (თავად წერდა სტატიებს).

დათოს ინიციატივით დაინერგა რაგბი ბათუმში, ფოთში, ლენტეხში, რუსთავში, თელავში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, სენაკში; გაიხსნა რაგბის სპორტ-სკოლები და დაიწყო რეგულარული შეჯიბრებები ბავშვთა და მოზარდთა შორის რესპუბლიკის მასშტაბით; მარტო ის რად ღირდა, რომ დათოს მოსკოვურმა "ჩალიჩმა" შედეგი გამოიღო - თბილისში ჩამოყალიბდა ამიერ-კავკასიის სამხედრო ოლქის ნაკრები და ქართველი მორაგბეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს ამ გუნდში იხდდნენ.

დათოს, "ბურძგლას" (გურამ მოდებაძე) და "ბელუხას" (ბიძინა გეგიძე) დამსახურებაა, რომ დღეს ასობით ქართველი მორაგბე თამაშობს უცხოეთში.  ეს მათ გაჭრეს "ფანჯარა ევროპაში".

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად დათოს ინიციატივით ჩამოყალიბდა ეროვნული ნაკრები და ამ გუნდმა პირველმავე ჩაატარა ოფიციალური საერთაშორისო მატჩი (ზიმბაბვესთან, 1989 წლის 12 სექტემბერ, ქუთაისი).

ასევე დათოს უშუალო გარჯით, საქართველოს რაგბის კავშირი (სრკ) 1992 წლის თებერვალში გახდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (ირბ) წევრი.

უკვე მესამე წელია, რაც დათო საცხოვრებლად მშობლიურ სოფელში - ნოქალაქევში (სენაკი) გადავიდა. იგი არის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელოში და რეგიონის რაგბის კავშირის თავმჯდომარე.

სამეგრელოში დათოს გარჯით უკვე გაოთხმაგდა რაგბით გატაცებულ მოზარდთა რიცხვი.  სექციები გაიხსნა მარტვილში, ხობში, აბაშაში, იხსნება ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში (ფოთსა და სენაკში ადრეც არსებობდა, დათოსვე დამსახურებით).  რაც შეეხება რაგბის მონათესავე, ჩვენს ეროვნულ თამაშს - ლელოს, რომელიც 2 500 წლისაა, კვლავ და კვლავ დათოს თაოსნობით, საქართველოში პირველად სწორედ რომ სენაკში დაფუძნდა ლელოს ფედერაცია.

ბოლო ხანს ლელო აღორძინდა სენაკსა და მის მიმდებარე სოფლებში.  ამ ტრადიციულ, მაგრამ მივიწყებულ ეროვნულ თამაშს თანდათან იხსენებენ სამეგრელოსა და მთელს საქართველოში.  ინიციატივა აქაც დავით კილასონიასგან მოდის და ეს ასეც მოხდება: ამის დასტურია ცხოვრება დათოსი - ერის კაცის, ლეგენდისა.

ირაკლი კიზირია
ღირსების ორდენის კავალერი
საქართველოს ვეტერან მორაგბეთა ფედერაციის (სვმფ) პრეზიდენტი
საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) გამგეობის წევრი

ლელოს ამაღორძინებელი

ეს კი ასევე ცნობილი მორაგბისა და ბატონ დავითის თანა-მოსანგრის, ალექსანდრე გრიგალავას შეფასებაა:

წარსულისა და აწმყოს შედარება ძნელია. მე ვერ შევადარებ დათოს - როგორც მოთამაშეს, მწვრთნელს და სპორტის მუშაკს - სხვას საქართველოში. იგი ყველგან განუმეორებელი იყო და არის.  არ არსებობს ქართულ რაგბში ვინმე, დათოს პატივს რომ არ მიაგებდე; ის კი, ვინც დათოს ნახევარ-საუკუნოვან მოღვაწეობას იცნობს, დამეთანხმება, რომ დავით კილასონია არის იმ უდიდეს სპორტის მოღვაწეთა რიცხვში. რომლებითაც ასე ამაყობს ჩვენი ქვეყანა.

ალექსანდრე გრიგალავა
საქართველოს ლელოს ფედერაციის (სლფ) გამგეობის თავმჯდომარე
აბჭოეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი რაგბში

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბოლო სამ წში კილასონიას ინიციატივით სამეგრელოს ყველა რაიონში დაინერგა რაგბი და ლელო; რეგიონის თითქმის ყველა ქალაქში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს ფესტივალები სხვადასხვა ასაკში; სენაკში ჩამოყალიბდა ქალთა გუნდი; მოეწყო მოსწავლეებსა და სოფლებს შორის პირველობები ლელოში; მარტვილისა და ჩოხატაურის ვეტერან ლელო-ბურთელთა შეხვედრა ტრადიციული გახდება; პირველად გაიმართა სამეგრელოს ჩემპიონატები 7-კაცა რაგბში და ლელოში; სენაკში გაიხსნა ოლიმპიური კომიტეტის, რაგბისა და ლელოს მუზეუმი; 2016 წელს კი ბატონი დავითი სამეგრელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

7/10 @ 2016