საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

"ჩვენი თამაში"

ფეხბურთის ფედერაციის
16-გვერდა, სპორტული გაზეთი

გამოდიოდა კვირეულში 6-ჯერ, კვირა დღის გარდა
და ღირდა 60 თეთრი!

შაბ 6/09 2014   პრომოს სარჩევი

აქაც დავნერგოთ!

როგორც ორშაბათს გაგიმხილეთ, მიზნად დაგვისახავს, ავიყოლიოთ ფხიანი ჯეელები, რომლებიც ამ შემოდგომაზევე, ახალი სასწავლო წლიდან, სტუ-ში, თსუ-ში და მსგავს ინსტიტუციებში გააკრავენ პოსტერებს, ჩართავენ ფეისბუქს, შეკრებენ ტოლებს, შექმნიან გუნდებს, შევლენ რექტორთან, რეესტრში გაატარებენ კლუბს, "თბილისის ლელოს ამქრად" გაერთიანდებიან, დედა’ქალაქის ლიგას დააფუძნებენ, შეადგენენ კალენდარს და ლელოს პირველობას სეირად აქცევენ.

ეს ყველაფერი უცებ ვერ მოხდება. მთავარია დაწყება. გვჯერა, რომ ახალი თაობა, გაეცნობა რა ძირძველ ქართულ თამაშს, მოიხიბლება მისი სისადავითა და სიმდიდრით, ჩვენ’და’თავად კი ენთუზიასტებს ყურადღებას არ მოვაკლებთ და შეძლების’და’გვარად დავაკვალიანებთ. აი, ეს პირველი სალელოე გვერდიც ფაქტობრივად კონსპექტია და ვიმედოვნებთ, რომ დაინტერსებული პირი მისი გაცნობით ბევრ კითხვაზე მიიღებს პასუხს.

ლელოს ეძღვნება საითი, რომლის მისამართს პოსტერზე ამოიკითხავთ. ამ ვებ-რესურსზე ბევრად მეტი წერია, ვიდრე გაზეთის გვერდი დაიტევს. თვის ბოლომდე ვგეგმავთ მეორე და მესამე ულუფებსაც: თამაშის ახალ წესებს ჯერ მუხლობრივად ჩამოვაყალიბებთ, მერე კი მათ მიზან’შეწონილებასაც დავასაბუთებთ. საკონტაქტო მეილს და ფორუმის ბმულსაც იოლად შენიშნავთ საითის მარჯვენა სვეტში, სხვაფრივ კი "გამგეობაში" ვებ’ადმინის მობილურიც გვიწერია. 

ფედერაციის გეგმები

ქართული ეროვნული ბურთაობა - ლელო - საბჭოთა ეპოქის შემდეგ კარგა ხანს მივიწყებული იყო: აღდგომაზე ლანჩხუთი - შუხუთის ლიანგური თამაშობაღა იმართებოდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, გამოჩენილმა მორაგბეებმა - დავით კილასონიამ და ალეკო გრიგალავამ სამეგრელოდან დაიწყეს "სპორტული ლელოს" აღორძინება.

მათი თაოსნობით ლელო სენაკისა და მარტვილის სკოლებსა და საქართველოს არმიაში დაინერგა. მოეწყო რამდენიმე შეჯიბრიც, 2013 წლის 16 მარტს კი სპორტის სამინისტროში შეიკრიბა აქტივი და დააფუძნა "ლელოს ფედერაცია". მას ძველი მორაგბეები და ცნობილი სამხედროები, ვახტანგ კაპანაძე და გიორგი სურმავა თავკაცობენ.

ახალ ფედერაციას დიდი გეგმები აქვს: მან უკვე ჩამოაყალიბა XXI საუკუნის შესაფერი წესები და იუთუბზე ატვირთა გაკვეთილები, მაგრამ გასავითარებელია ტაქტიკა და შესაქმნელია სახელმძღვანელოც, რათა ლელოს გათანამედროვებული ვარიანტი შევიტანოთ და გავავრცელოთ ჯარში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა და რაგბის თემში, და საკუთრივ ლელოს მიმდევარი კლუბებიც აღმოცენდეს.

ამას დიდი ძალის-ხმევა დაჭირდება, მაგრამ თუ ქართულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ფიზიკური აღზრდის სისტემის საფუძველიც ეროვნული უნდა იყოს.

100-150 წლით გვიან

საამისოდ აქტივს საუკეთესო არჩევანად მიაჩნია ლელო, რაიც სხვა არაფერია, თუ არა რაგბის ჩვენებური ანალოგი და ბორჯღალოსანთა წარმატებების უპირველესი საწინდარი.

ლელოს აღორძინებისთვის ზრუნვა დროული და უპრიანია: გლობალიზაციის მიუხედავად, მთელს მსოფლიოსა და საქართველოშიც ახალგაზრდობა დაინტერესებულია ეროვნული კულტურით, რასაც მოწმობს ჩვენში ხრიდოლის გავრცელება, ჯგუფების - 33ა, შინ და მგზავრები - პოპულარობა, ქსელის - "სამოსელი პირველი" ნაწარმის მოდურობა და სხვა.

ქართულ სახელმწიფოებრიობაში ბარემ ორ-საუკუნოვანი წყვეტის გამო ლელო ისე ვერ განვითარდა და გავრცელდა, როგორც ირლანდიური, ამერიკული და ავსტრალიური ბურთაობანი თავ-თავიანთ მშობელ ქვეყნებში, ძიუდო და სუმო - იაპონიაში, ყინულის ჰოკეი და ლაკროსი - კანადაში, მაგრამ თქმულა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.

დიახ, ლელო ხსენებულ სპორტებზე 100-150 წლით გვიან, თავიდან უნდა შეუყვეს ევოლუციის ბილიკს, რაც გარკვეულწილად მომგებიანიცაა, რაღაი სხვათა მწარე, მარგი გამოცდილების გათვალისწინებით თავიდან ავიცილებთ ბევრ შეცდომას:

გამოსაგონი აღარ გვექნება შეჯიბრებისა და მზადების სისტემები, აღარ ვიდავებთ მოყვარულობისა და პროფესიონალობის ავ-კარგზე, წესებში არ შემოვიღებთ უსარგებლო შეზღუდვებს და თამაშსაც ამთავითვე ტელე-გენურ სანახაობად ჩამოვქნით.

უდოგმებო და ხალისიანი

გათანამედროვებული ლელო სულაც არ წარმოგვიდგენია სხვა თამაშთა უხეირო ასლად: გვინდა დავნერგოთ მარტივი, ლაღი, უდოგმებო, ხალისიანი, შეძლების და გვარად უხიფათო, იოლად შესათვისებელი და აღსაქმელი ბურთაობა.

საამისოდ ხალხური ლელოდან უნდა დავიტოვოთ უმთავრესი: მძიმე ბურთი, მისი ნებისმიერი ხერხითა და მიმართულებით გადაადგილება, არანაირი რაგბულ-ფეხბურთული ოფსაიდი, ბურთისთვის ჭიდილი და თამაშის მიზანი - ბურთის მიტანა დათქმულ ადგილას.

წესებში დამატებით, მოკლედ უნდა ჩაიწეროს: მოთამაშეთა რაოდენობა, მატჩის ხანგრძლივობა, აკრძალული ფანდები და სასჯელები, თამაშის განახლების ხერხები ბურთის მოედნიდან გასვლის და ზედახორაში ჩამარხვის დროს.

ეს ყველაფერი საბჭოთა საქართველოში ბარემ ოთხჯერ გაკეთდა, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიო სპორტი სულ სხვა დონეზე რომაა და ინფორმაციაც წინამორბედებზე ბევრად მეტი გვაქვს, თუნდაც მხოლოდ ამიტომ საქმეს თავი უკეთ დაედგმება.

რაგბთან მიმართება

რაგბი საერთაშორისო ლელოა, ხოლო ლელო - ქართული რაგბი. რაგბში ამდენს იმად მივაღწიეთ, რომ ლელოს გენი მოგვდგამს.

ლელოს აღორძინებით რაგბი მეტად გავრცელდება ქვეყანაში: სისადავის წყალობით ლელო უფრო იოლად დაინერგება იქ, სადაც რაგბს ნაკლებად იცნობენ, ლელოს მოთამაშე კი პოტენციური მორაგბეა.

ლელოში მორაგბეთა ჩაბმით მწვრთნელიცა და მოთამაშეც თვალ-საწიერს გაიფართოვებენ, წვლილს შეიტანენ რაგბის მსგავსი, ეროვნული სახეობის განვითარებაში და ბოლო-ბოლო, ბურთის სიმძიმის გამო ბიჭები მეტადაც გამოიწრთობიან.

ამდენად, რაგბმა უნდა იზრუნოს ლელოზე - შეეწიოს მას პროპაგანდით, მოედნებით, სამოსით, კადრებით (მოთამაშე, მწვრთნელი, მსაჯი, მენეჯერი)

2014 წლის წესები

მონახაზი კიდევ ბევრჯერ შეიცვლება და დაიხვეწება, სიახლეები კია: 12-კაცა გუნდი, ორი მსაჯი, ბურთის შეკვრის (ჩახვევის) აკრძალვა, შეუზღუდავი შეცვლები და სინბინი (დროებითი გაძევება) პროფესიული ფოლისთვის.

ტაქტიკა

ამოსავალია ბურთის სიმძიმე: გინდ ტყორცნითა და გინდაც გაგორებით, ბურთს ძაან შორს ვერ მიაწვდენ, და გაქცეულ ბურთიან მოთამაშესაც იოლად დაეწევა (უბურთო) მდევარი.

დავით კილასონიას შეფასებით, ძნელად მოიძებნება თამაში, რომელშიც ტაქტიკის იმდენი არჩევანია, რამდენიც ლელოში.

მაგალითად, შეტევაში შეგიძლიათ მოულოდნელად ჩართოთ მთელი გუნდი და მიიღოთ მეტობა, რადგან თუ ბურთს დაკარგავთ, მეტოქე თამაშს სხვა უბანზე უცებ ვერ გადაიტანს და დაცვის მოწყობას მოასწრებთ. შეტევაში პირობებს შემტევი გუნდი კარნახობს დამცველს, მოთამაშებთა განლაგების მოგონება კი ბევრ’ნაირად შეიძლება.

დაცვაში პირველი და უმთავრესი პრინციპია, უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ მეტოქე, მით უმეტეს, ბურთიანი. ეცადეთ, პერსონალურად აიყვანოთ ყველა, მეტობის შექმნით კი ბურთის მოპოვების შანსიც გემატებათ.

აქ მოტანილი რჩევები პრაქტიკით დაიხვეწება, ანუ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შემოქმედებისთვის ფრიადი გასაქანი აქვთ.

ისტორია

ლელოს ძირი უხსოვარ დროში იკარგება.

ლელო ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაშია, რომელშიც წითელი ბურთი მზეს განასახიერებდა.

ლელო დღე-სასწაულებზე ეწყობოდა. ნაკურთხ ბურთს მღვდელი ააგდებდა ხოლმე.

ლელო აღმოსავლეთზე მეტად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.

XIX საუკუნის პრესა მოგვითხობს ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, კულაშში, თვით ტფილისში - დიდუბესა და საბურთალოზე გამართულ ბურთაობათა ამბავს.

საბჭოთა ხანაში ლელო აღდგომა-კვირაცხოვლობის ნაცვლად 1 მაისს ეწყობოდა. 1930-იან წლებში ხალხურ ლელოს წესები დაუდგინდა.

II მსოფლიო ომის შემდეგ იმართებოდა "რესპუბლიკის პირველობა" და ხშირად, ცალკეც, საზოგადოება "კოლმეურნეს" (ცენტრალური საბჭოს!) პირველობა - ორიოდე გამონაკლისის გარდა, ერთ ადგილას, კვირიან ტურნირად.

1946-91 წლებში გამართული 46 პირველობიდან შვიდის შედეგი ჯერაც მოსაძიებელი გვაქვს, დოკუმენტურად დასაბუთებულ 39 სეზონში კი ჩოხატაურმა იფალავნა 28-ჯერ, ჯიხაიშმა - სამჯერ, ქუთაისმა - ორჯერ და ქობულეთმა, ფოთმა, აჭარამ, თბილისმა, გორმა და მარტვილმა - თითოჯერ.

გუნდში მოთამაშეთა რიცხვი ჯერ (1938) 30 იყო, შემდეგ (1949) 15, ბოლოს (1980) კი 13. XXI საუკუნეში გუნდი 12-კაცაა და ბურთის შეკვრაც იკრძალება.

წყაროები

1925 - ჟურნალი "ფიზკულტურა": მავანი ტოგონიძის ნიჰილისტური სადისკუსიო წერილი ლელოს ფეხბურთით ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ. ავტორს ვითომც არ გაეგონა რაგბის არსებობა!

1927 - ფიზ’კულტურის უმაღლეს საბჭოში (ფკუს) ისაკ კიზირიას მიერ წარდგენილი "გრძელი ლელოს" პროექტი

1938 - თამაშის წესები: 30-კაცა გუნდებით 300-მეტრიან მინდორზე

194წ - ომის შემდგომი კინო’დადგმა: ლელო ჩოხატაურში

1948 - გაზეთი "სავეცკი სპორტ": ნიკოლაი ტარასოვის აზრით, ლელო რაგბს ყოველმხრივ ჯობდა

1950 - გაზეთი "ლელო": მიმოსვლით გამართული პირველობის განრიგი, მსაჯები, მატრიცა, საჩემპიონო რკენის ანონსი და რეცენზია

1950 - ეროვნული არქივი: სპორტის თავკაცის, ამხ.ფარულავას ბრძანება ლელოს პირველობაზე მომხდარ უმსგავსობათა გამო; პრესის მიერ მიჩქმალული ჯიხაიშის ინციდენტის გამო დაწერილი პროტესტი და ახსნა-განმარტება, ნაბეჭდი განრიგი და საჩემპიონო რკენის ნაჯღაბნი ოქმი

1951 - გაზეთი "ლელო": ერთადერთი ფინალი, რომელიც შემადგენლობებით გაირჩა. ჩოხატაურმა მოითხოვა, აღვკვეთოთ უხეშობა, თამაში გავაჩქაროთ, ორი მსაჯი დავინიშნოთ და ბურთის ჩახვევაც ავკრძალოთო

1956 - გაზეთი "ლელო": ლელო დაკნინდა, ახალგაზრდობა კი ჯერ ხელბურთს და მალე რაგბს მიეტანა

1972 - გაზეთი "ლელო": დოცენტ ავთანდილ ციბაძის ნაგროვი და დახარისხებული ამონარიდები XIX საუკუნის ქართული პრესიდან

1984 - პაატა ტაბაღუას, ირაკლი მახარაძისა და ლერი სიხარულიძის ფილმი "ლელოს შემობრუნება" (ლანჩხუთი - შუხუთი)

1992 - ჟურნალი "ჩემპიონი": საჭირბოროტო სტატია, რომელმაც გული ატკინა ძველ შევარდენელთა იმხანად უკვე ხანში’შესულ მოწაფეებს

1992 - გაბრიელ ბარჯაძის წიგნი "ლელობურთის ქრონიკები"

2010 - ახლებური ლელოს საჩვენებელი თამაში ეროვნულ სტადიონზე, რაგბის შესვენებაზე

2013 - ფედერაციას ლოგო დაუხატეს აკადემიელებმა: გია ღლონტმა და ვახო დუჩიძემ

თვით’ნაკეთი ბურთის რეცეპტი

კილასონიას ტექნოლოგია: აიღეთ ნებისმიერი ბურთი, უმჯობესია ტყავის ან კალათბურთის. გაუკეთეთ მრგვალი ნახვრეტი ან გაჭერით განივად ისე, რომ შეიძლებოდეს შიგნით თივის ან ღრუბელის ჩატენვა.

თავიდან სჯობს თივა ან ღრუბელა, რადგან ესენი მსუბუქია. დრო და დრო აწონეთ. თუ საჭიროა დამძიმება, უმატეთ ქვიშა ან ნახერხი. ასე შეძლებთ ნებისმიერი წონის მიღებას. ეცადეთ, ბურთი კარგად დატენოთ, რათა ფეხის დარტყმით გაგორდეს. ბოლოს ნახვრეტი დააწებეთ ან ჭრილობა ამოკერეთ.

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

28/05 @ 2015