საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

"ჩვენი თამაში"

ფეხბურთის ფედერაციის
16-გვერდა, სპორტული გაზეთი

გამოდიოდა კვირეულში 6-ჯერ, კვირა დღის გარდა
და ღირდა 60 თეთრი!

ორ 1/09 2014   პრომოს სარჩევი

სად ხართ, ახალო ჟაკებო?

ყველაფერს თავისი დრო აქვს: ღვთის მადლით, ერთხელაც დაასკვნი, რომ შენს მეტი ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს, და მისი თავის დადგმა მიზანთა მიზნად გექცევა.

უთუოდ ასე დაემართა ქართული რაგბის ბერმუხას, ბორჯღალოსანთა სულ პირველ მწვრთნელსა და საბურთაო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პიონერს, დავით კილასონიას და მშობლიურ სენაკში გადამკვიდრების შემდეგ, ლელოს აღორძინებას შეუდგა.

ვიდრე ჩვენი დათო შეეჭიდებოდა საქმეს ბარემ ხუთი წლის წინ, ლელო წიგნებში და საითებზეღა გვეწერა. არა, მაგ სახელისა აქამდე გაზეთიც გამოდის, ხოლო რაგბის კლუბი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ თამაშით კი ლელოს აღარავინ თამაშობდა.

სამაგიეროდ, ამაყად მოგახსენებდათ ყოველი თავ-მომწონე ფანი, რომ სწორედ ლელოა ჩვენი რაგბის წარმატების სათავე; რომ ბრიტანული რაგბი სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო ლელო-ბურთი, და რომ რაკიღა ბორჯღალი უცხოთათვის ძნელი სათქმელია, რაგბის ნაკრებს ინგლისურად "ზი ლელოზ" ჰქვია.

ჰო კიდევ, ბევრ აქაურსა თუ იქაურს, მეტადრე კი - სენსაციასა და უცნაურობას დახარბებულ მედიას, ძაან მოსწონთ შუხუთური სეირი, ყოველ აღდგომაზე რომ იმართება გურიაში. დიახ, ალბათ ეგეთივე იყო ოდინდელი, ხალხური ლელო, მაგრამ აქვე ვიტყვით, რომ ახლებური, სპორტული - სულ სხვაა და ასგზის უკეთესია.

მის ჩამოქნაში წვლილი მიუძღვით სენაკს, ჯიხაიშს, მარტვილს, გორს, ქობულეთს, ქუთაისს, გურჯაანსა და მეტადრე - ჩოხატაურს, ვისი გუნდიც საბჭოთა ხანაში ლამის უცვლელი "რესპუბლიკის ჩემპიონი" იყო, მას აქეთ კი, ვაი სირცხვილო, ეგ შეჯიბრება აღარ ტარდება.

ჰოდა, უყურა უფალმა კილასონიამ ეროვნული საუნჯის ასე დაკნინებას და ვეღარ იგუა - მის ასაღორძინებლად გადადო თავი. მოკავშირეც ბევრი გამოუჩნდა - ალეკო გრიგალავა, დიმიტრი ცინცაძე, თემურ ქურციკიძე ... შეიქმნა ეროვნული ფედერაცია, ადგილებზე ფუძნდება რეგიონული ფილიალები, და რაც მთავარია, თავდაცვის სამინისტროსა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით, ლელოს ტურნირებიც ტარდება:

ბავშვები ფესტივალებზე რაგბის გარდა ლელოსაც ეცნობიან და ძაანაც ხალისობენ, ჯარში კი "მძიმე-ბურთა თამაში" უკვე დაკანონებული სახეობაა. ამ ერთი თვის წინ, ანგისაში, ბრიგადებს შორის პირველი ჩემპიონატიც მოეწყო მინი, 6-კაცა ლელოში. ფინალში ქუთაისმა 4:3 ძლია სენაკი, გამარჯვებული კი თვით გენ-შტაბის უფროსმა, ძველმა მორაგბემ, ვახო კაპანაძემ დააჯილდოვა.

ეს ყველაფერი დიდებულია. ფედერაციამ წელიწად-ნახევარში დიდი მუშაობა გასწია. ლელოს აქვს საითი და იუთუბის არხიც. დასავლეთში ლამის ყველგან გაიხსენეს, თუ რა განძის პატრონნი ვართ და ამიერიდან უფრო ძალუმადაც შეუბერავენ. იმედია, ლიხს აქეთაც გამოფხიზლდება სპორტის თემი და აქაც, მეტადრე კი - ტფილისში, გაჩაღდება ლელო.

გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა რაგბი ამ  55 წლის წინათ. მავანმა ჟაკმა სტუდენტები შეკრიბა და იპოდრომზე აზიარებდა ოვალ ბურთთან. ახლა მუშტრამდე ამბის მიტანა ბევრად იოლია. ჰოდა, ამ შემოდგომაზევე სტუ-ში, თსუ-ში და მსგავს ინსტიტუციებში უნდა გაიკრას პოსტერები, "ლელო ვითამაშოთო" და ფეის’ბუქიც დასაქმდეს. 

მოკლედ, ახალი ჟაკები - ენერგიული ჯეელი ორგანიზატორები გვჭირდება, ჩვენდა თავად კი სექტემბერში რაგბის გვერდს ორჯერ დავუთმობთ ლელოს, რათა სტამბურადაც გავანივთოთ საითზე დაცული ჰიპერ-განძი და მეტ მკითხველთან მივიტანოთ.

მარო ვერელი

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

28/05 @ 2015