საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

მოსაზრებანი

ლელოს აღორძინებისთვის ზრუნვა დროული და უპრიანია: გლობალიზაციის მიუხედავად, მთელს მსოფლიოსა და საქართველოშიც ახალგაზრდობა დაინტერესებულია საკუთარი ეთნო-კულტურით, რასაც მოწმობს ჩვენში ხრიდოლის გავრცელება, ჯგუფების - "33ა", "შინ" და "მგზავრები" პოპულარობა, ქსელის - "სამოსელი პირველი" ნაწარმის მოდურობა და სხვა.

ქართულ სახელმწიფოებრიობაში ბარემ ორ-საუკუნოვანი წყვეტის გამო ლელო ისე ვერ განვითარდა და გავრცელდა, როგორც ირლანდიური, ამერიკული და ავსტრალიური ბურთაობანი თავ-თავიანთ მშობელ ქვეყნებში, ძიუდო და სუმო - იაპონიაში, ყინულის ჰოკეი და ლაკროსი - კანადაში, მაგრამ თქმულა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.

დიახ, ლელო ხსენებულ სპორტებზე 100-150 წლით გვიან, ვაი-რომ თავიდან უნდა შეუყვეს ევოლუციის ბილიკს, რაც გარკვეულ-წილად მომგებიანიცაა, რაღაი სხვათა მწარე, მარგი გამოცდილების გათვალისწინებით თავიდან ავიცილებთ ბევრ შეცდომას:

გამოსაგონი აღარ გვექნება შეჯიბრებისა და მზადების სისტემები, აღარ ვიდავებთ მოყვარულობისა და პროფესიონალობის  ავ-კარგზე, წესებში არ შემოვიღებთ უსარგებლო შეზღუდვებს და თამაშსაც ამთავითვე ტელე-გენურ სანახაობად ჩამოვქნით.

უდოგმებო და ხალისიანი

გათანამედროვებული ლელო სულაც არ წარმოგვიდგენია სხვა თამაშთა უხეირო ასლად: გვინდა დავნერგოთ მარტივი, ლაღი, უდოგმებო, ხალისიანი, შეძლების და გვარად უხიფათო, იოლად შესათვისებელი და აღსაქმელი ბურთაობა.

საამისოდ ხალხური ლელოდან უნდა დავიტოვოთ უმთავრესი: მძიმე ბურთი, მისი ნებისმიერი ხერხითა და მიმართულებით გადაადგილება, არანაირი ოფსაიდი, ბურთისთვის ჭიდილი და თამაშის მიზანი - ბურთის მიტანა დათქმულ ადგილას.

წესებში დამატებით, მოკლედ უნდა ჩაიწეროს: მოთამაშეთა რაოდენობა, თამაშის ხანგრძლივობა, აკრძალული ფანდები და სასჯელები, თამაშის განახლების ხერხები ბურთის მოედნიდან გასვლის ან ზედახორაში ჩამარხვის დროს.

ეს ყველაფერი საბჭოთა საქართველოში ბარემ ოთხჯერ გაკეთდა, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიო სპორტი სულ სხვა დონეზე რომაა და ინფორმაციაც წინამორბედებზე ბევრად მეტი გვაქვს, თუნდაც მხოლოდ ამიტომ საქმეს თავი უკეთ უნდა დაედგას.

რაგბთან მიმართება

რაგბი სა-ერთა-შორისო ლელოა, ლელო კი - ქართული რაგბი.

რაგბში ამდენს იმად მივაღწიეთ, რომ ლელოს გენი მოგვდგამს.

ლელოს აღორძინებით რაგბი მეტად გავრცელდება ქვეყანაში - სისადავის წყალობით ლელო უფრო იოლად დაინერგება იქ, სადაც რაგბს ნაკლებად იცნობენ, ლელოს მოთამაშე კი პოტენციური მორაგბეა.

ლელოში მორაგბეთა ჩაბმით მწვრთნელიცა და მოთამაშეც თვალ-საწიერს გაიფართოვებენ, წვლილს შეიტანენ მონათესავე, ეროვნული სახეობის განვითარებაში და ბოლო-ბოლო, ბურთის სიმძიმის გამო ბიჭები მეტადაც გამოიწრთობიან,

ამდენად, რაგბმა უნდა იზრუნოს ლელოზე - შეეწიოს მას პროპაგანდით, მოედნებით, სამოსით, კადრებით (მოთამაშე, მწვრთნელი, მსაჯი, მენეჯერი)

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი



Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

29/04 @ 2013