საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

2015 * ხონი ჯარის ჩემპიონია!

15/11   მარტვილში ჩატარდა მინი, 6-კაცა ლელოს პირველობა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბრიგადებს შორის.

მონაწილეობდა 8 გუნდი. თამაშები ცენტრალური სტადიონის ხელოვნურ-საფარიან მოედანზე გაიმართა, რადგან თითქმის მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა.

ყველასათვის მოულოდნელად, ფინალში გორის მე-4 ქვეითი ბრიგადა და ხონის მე-2 საარტილერიო ბრიგადა გავიდნენ. თამაში უაღრესად დაძაბული გამოვიდა. მხოლოდ ბოლო წუთებზე იძალეს ხონელებმა (მწვრთნელი ბორის ზიბზიბაძე) და 7:5 გაიმარჯვეს.

შეჯიბრი მაღალ ორგანიზაციულ დონზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ერთი თამაში იმსაჯა თვით მარტვილის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, ვინაც თავის დროზე გამოჩენილი ლელობურთელი და მორაგბე იყო.

იხილეთ გალერეაც
 

ტრადიციად დადგინდება

7/09   მარტვილში, სოფელ ნახუნაოში, 5 სექტემბერს გაიმართა ჩოხატაურისა და მარტვილის ვეტერან ლელობურთელთა შეხვედრა.

პირისპირ დადგენ ის ვეტერანები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ, საბჭოთა ხანაში, საქართველოს პირველობაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მარტვილის გუნდში ითამაშეს: საქართველოს ლელოს ფედერაციის პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა, ძველმა მორაგბემ - "შევარდენის" 9 ნომერმა და "უნივერსიტეტის" მწვრთნელმა, გენერალმა გიორგი სურმავამ; მარტვილის გამგებელმა, წარსულში "აიას" გამოჩენილმა მორაგბემ და ლელობურთელმა ალექსანდრე გრიგალავამ და "ლოკომოტივის" ყოფილმა წევრმა, ლელობურთელმა კოტე ჭილაიამ.

ჩოხატაურის ღირსებას იცავდნენ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები: თენგიზ ჯინჭარაძე, თენგიზ ბოლქვაძე, დავით სიხარულიძე, გოგი გურგენიძე, თორნიკე მამალაძე, კაპიტო ხაბეიშვილი და სხვები.  თამაშს თვალს ადევნებდა გურიის ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, სულით უტეხი დიმიტრი ცინცაძე.

ქართული ქრისტიანული ტრადიციით, დაწყებისას ბურთი მღვდელმა, მამა გოჩამ ააგდო. მართალია, ბურთაობა ფრედ, 1:1 დასრულდა, მაგრამ ვინც თამაშს დაესწრო, ერთხმად აღნიშნავდა, რომ როგორც ლელოს ოდითგან მოსდევს, გაჩაღდა ნამდვილი ბრძოლა და არა ბებრული, „ამხანაგური შეხვედრა“

ასეთივე ჟინი გამოავლინეს სოფლის ახალგაზრდებმა, რომლებმაც ვეტერანების შემდეგ ითამაშეს. როგორც ისინი, ასევე ბებრები დაჯილდოვდნენ მარტვილის გამგეობისა და ლელოს ფედერაციის პრიზებითა და სიგელებით.

და რაც მთავარია: ძველმა მეტოქეებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველ წელს, სექტემბრის პირველ შაბათს, ლელოში გასაჯიბრებლად მარტვილში შეიკრიბონ.

იხილეთ გალერეაც

ფინალი ცოტნეობაზე

14/08   ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ფარგლებში, ცოტნეობის დღესასწაულზე, ცენტრალურ სტადიონზე მოეწყო ლელოს ფინალი.

დაძაბულ და საინტერესო თამაშში ძველმა ხიბულამ 3:1 აჯობა პატარა ფოთს.

ფინალს ესწრებოდნენ სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფინალს ორ-მხრივი დაჯილდოება მოჰყვა:

სამეგრელოს რეგიონის ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ედიშერ ჯობავამ სპეციალური პრიზი გადასცა საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, დავით კილასონიას

თავის მხრივ, ლელოს ფედერაციის პრეზიდენტის, გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ მაიორ ვახტანგ კაპანაძის სახელით, "2015 წლის 12 აგვისტოს, ხობში ჩატარებულ ცოტნე დადიანის სახელობის სახალხო ზეიმზე, ლელოს ფესტივალის ფრიად დონეზე გამართვისათვის" პრიზითა და სამახსოვრო მაისურებით დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია.

ბოლოს მოეწყო სენაკისა და ხობის ამხანაგური შეხვედრა, რომელიც სენაკელებმა 5;0 მოიგეს.

 

გუთური ჩოხატაურის ჩემპიონია

7/07   ჩატარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელოში. მონაწილეობდა 6 გუნდი. ფინალში, ცენტრალურ სტადიონზე, ერთმანეთს შეხვდნენ გუთურისა და ჯვარცხმის გუნდები. გაიმარჯვა გუთურმა 1:0

დიმიტრი ცინცაძე
 

სენაკის პირველობა ლელოში

25/06   სენაკში ორი კვირა გრძელდებოდა ლელოს პირველობა რაიონის სოფლებს შორის. შეჯიბრში თავიდან 8 გუნდი ჩაება. წინასწარი თამაშები წრიული სისტემით ჩატარდა. ფინალურ ეტაპზე ოთხი უკეთესი გავიდა: ხორში, თეკლათი, ნოქალაქევი და გეჯეთი.

ნახევარ’ფინალური წყვილები წილისყრით შედგა.

ნოქალაქევი 8:2 გეჯეთი
ხორში 5:4 თეკლათი

ბრინჯაოს მედლები მოიპოვა გეჯეთმა.

გეჯეთი 10:1 თეკლათი

ფინალი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ბოლო წუთზე გატანილმა ლელომ’ღა მოუტანა გამარჯვება და ჩემპიონობა სოფელ ნოქალაქევს.

ნოქალაქევი 6:5 ხორში

თამაშებს ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის წევრები. ბათუმიდან ჩამოვიდა ფედერაციის მსაჯი მიხეილ ჩაჩუა და ფინალს გაუძღვა.

შეჯიბრება სანიმუშოდ იყო ორგანიზებული: თამაშები სენაკის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა; პრიზიორი გუნდები სხვადასხვა ზომის თასებით დაჯილდოვდნენ, მოთამაშეები კი - შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით. ფედერაციამ გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრემიაც გადასცა.

იხილეთ გალერეაც

საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია:  "მადლობა მინდა გადავუხადო სენაკის სასპორტო გაერთიანების კოლექტივს (დირექტორი ე.კვაშილავა) სამაგალითოდ ჩატარებული შეჯიბრისთვის.

ნოქალაქევის გუნდის მოთამაშე, სენაკის საკრებულოს წევრი ბესო ბესელია: “ბავშვობაში რაგბს ვთამაშობდი, რამდენიმე მედალი და დიპლომიც მაქვს, მაგრამ ამ ოქროს მედალმა არა’ნაკლებ გამახარა.“

სოფელ გეჯეთის რწმუნებული ირაკლი კუპრეიშვილი: “38 წლის ვარ. ეს ჩემი პირველი მედალია. ვერ წარმოვიდგენდი, სპორტში მედალს თუ ავიღებდი. ასევეა ჩვენი გუნდის უმრავლესობა. მოუთმენლად ველით მორიგ შეჯიბრებას. როგორც გავიგე, ფედერაცია აპირებს საქართველოს ყველა რეგიონის სოფლებში ლელოს დანერგვას. ეს შესანიშნავი იდეაა, პირადად მე, სანამ ასაკით შემეძლება, ყოველ წელს ვითამაშებ“

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი: “მე ლელო არ მითამაშია, მაგრამ იმან, რაც ამ დღეებში ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ლელო ყოფილა უაღრესად აზარტული, დინამიური, ლაღი და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რაც კი ოდესმე მინახავს. სენაკში ტარდება სხვადასხვა სპორტის სახეობის შეჯიბრებები, ოღონდ მათში ძირითადად სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, ჩვენი რაიონის სოფლებიდან ამდენ ახალგაზრდასა და შუახნის მამაკაცს რომ ასე გაეხარა, რაღაც არ მაგონდება.“

 

შხეფის უბნის მცხოვრებმა, სახალხო მთქმელმა არტემ ნინუამ სენაკის სპორტის ისტორიას შემოუნახა 1927 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც შხეფისა და ნოსირის ლელობურთელები არიან აღბეჭდილი. იმხანად ტურნირების ორგანიზატორი ისაკ კიზირია გახლდათ. გუნდებს უთამაშიათ დღევანდელი პურ’პროდუქტების ბაზის ტერიტორიაზე არსებულ მოედანზე და სამახსოვრო სურათიც გადაუღიათ

 

სამეგრელოში ლელოს გუნდები მომრავლდნენ

თვე არ გავა, სამეგრელოში ლელოს ახალი კერა არ გაჩნდეს. ახლახანს ზუგდიდის გამგეობის დახმარებით სოფელ დარჩელში დაინერგა ლელო, ხოლო 27 მაისს მერიამ ჩამოაყალიბა გუნდი და ჩაატარა ფესტივალი. რომელშიც 7 რაიონის მონაწილეობდა (არ იყო მხოლოდ ფოთი). ასეთი ფესტივალები მოეწყობა ზაფხულშიც, შემოდგომიდან კი ჩემპიონატის სახეს მიიღებს. ზუგდიდელებს კარგად ახსოვთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ რაიონში ლელოს თამაშობდნენ და მათი გუნდი 1969 წელს საქართველოს ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა.

 

ლელო, როგორც ქართული ეროვნული სპორტის სიამაყე, უნდა ავაღორძინოთ. ეს  სიტყვებად არ უნდა დარჩეს. პრაქტიკულად უნდა გავაკეთოთ საქმე. ლელოს დავიწყება ჩვენი ისტორიის დავიწყებას ნიშნავს.

1959 წელი, გაზეთი "ლელო"
 

ისტორიაში პირველად, მარტვილში

ლელოს მრავალ’საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მას თამაშობდნენ რელიგიურ დღე’სასწაულებზე და სახალხო ზეიმებზე; მეომრები - ბრძოლის წინ; იმართებოდა ოფიციალური შეჯიბრებები და ამხანაგური მატჩები, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ზრდა’სრულ მამა’კაცებს შორის.

აი, მარტვილში კი, ლელოს ისტორიაში პირველად, ჩატარდა რაიონის სკოლების ჩემპიონატი. მონაწილეობდნენ სოფლების: ბანძის, დიდი ჭყონის, სერგიეთის, ინჩხურის, ნაგიბერაოს, ნაგვაზაოს და მარტვილის პირველი საჯარო სკოლების 2000-1 და 2002-3 წლებში დაბადებული მოწაფეები.

შეჯიბრებაში 9 გუნდი ჩაება. უმცროსებში სერგიეთმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ფინალში პირველმა სკოლამ 6:4 ძლია დიდი ჭყონი და ჩემპიონი გახდა. უფროსებში გაიმარჯვა ინჩხურმა - ფინალი 4:1 მოუგო დიდი ჭყონს.

საქართველოს ლელოს ფედერაციამ და მარტვილის კომპლექსურმა სპოტ’სკოლამ გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის თასებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

ცნობილმა ვეტერანმა მორაგბემ და ლელო’ბურთელმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ შენიშნა:

„იმ ცვლილებებმა, რაც ახლად ჩამოყალიბებულმა ფედერაციამ შეიტანა წესებში, ლელო გახადა ძალზე დინამიური და სწრაფი თამაში - ჩემს დროს ხშირი იყო ბურთის გაჩერება, ე.წ. ჩახვევა, რაც ეხლა გაუქმებულია.

ის, რომ ბავშვებს ლელო მოეწონებოდათ, დარწმუნებული ვიყავი: მე და დავით კილასონია უკვე რამდენიმე წელია, მარტვილსა და სენაკში ვათამაშებთ ლელოს ბავშვებს. ესაა უნიკალური "თამაში ყველასათვის".

მიხარია, რომ მარტვილი გახდა პირველი მთელს საქართველოში, სადაც სკოლებში დაინერგა ჩვენი ეროვნული საუნჯე"

26 მაისის თასი

დამოუკიდებლობის დღეს შეიარაღებულ ძალებში მოეწყო ლელოს ტურნირი. მონაწილეობდნენ I და V ქვეითი, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადები. ფინალში საარტილერიომ აჯობა V ქვეითს. გამარჯვებულებს გადაეცათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის გარდამავალი თასი.

იხილეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ
გავრცელებული რეპორტაჟი, ფოტოები და ვიდეო

ლელო და რაგბი ზუგდიდში

ლელოელები და მორაგბეები რომ ძმები არიან - უფრო სწორი იქნება, თუ ბაბუად და შვილი’შვილად მოვიხსენიებთ - დიდი ხანია, ცნობილია. ჯერ კიდევ ათეული წლების წინ, როცა ლელოში საქართველოს ჩემპიონატი იმართებოდა და ეროვნული ბურთაობა სპარტაკიადის პროგრამაშიც იყო შეტანილი, მორაგბეები ხშირად მონაწილეობდნენ ლელოში. დღესაც, დასავლეთ საქართველოში როცა’კი ტარდება რაგბის ფესტივალი, ბავშვები ლელოსაც აუცილებლად თამაშობენ.

სამეგრელოს რვა რაიონიდან ხუთში - სენაკი, ფოთი, ხობი, მარტვილი და აბაშა - დანერგილია ორივე თამაში - რაგბიცა და ლელოც; ორში - ჩხოროწყუ და წალენჯიხა - მხოლოდ ლელოა,  ზუგდიდი კი აქამდე ეულად იყო, მაგრამ ახლახანს ბოლნისის „ყოჩების" მთავარი მწვრთნელის, სანდრო ესაკიასა და სამეგრელოს რეგიონის ლელოს ფედერაციის ინიციატივით, სოფელ დარჩელში რაგბისა და ლელოს ბავშვთა კლუბი ჩამოყალიბდა.

24 მაისს დარჩელში გაიმართა ფესტივალი, სადაც დასავლეთის 16 გუნდი შეგროვდა - ძირითადად 2005-6 და 2007-8 წლებში დაბადებილი 200 ბავშვი. რეგიონის რაგბის კოორდინატორმა, სოსო დიაკონიძემ თითოეულ მათგანს სამახსოვრო დიპლომი გადასცა, სამეგრელოს ლელოს ფედერაციამ კი დარჩელის გუნდი სამახსოვრო თასითა და სიგელით დააჯილდოვა.

ღამის ლელო ილორში

გიორგობის დღესასწაულზე სამტრედიის რაიონის სოფელ ილორში გაიმართა ლელოს თამაში. ეს ტრადიცია, ისევე როგორც შუხუთში, მრავალ საუკუნეს ითვლის.

გურიისგან განსხვავებით, სადაც თამაში აღდგომაზე იმართება და შუა დღეს იწყება, ილორში საბურთაოდ შებინდებისას იკრიბებიან და როცა უკუნეთი სიბნელე ჩამოწვება, ლელო მაშინღა ჩაღდება. ამას მოთამაშეები იმით ხსნიან, რომ ღამით, როცა არაფერი ჩანს, ბურთი შეგიძლია ისე მოიპარო და დათქმულ ადგილზე მიიტანო, რომ ვერავინ დაინახოს.

ერთ მხარეს სოფელი ილორი დადგა, მეორეს - სოფელი ხუნჯულაური. თამაში თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა და ილორის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით კილასონიამ მონაწილეებს სამახსოვრო პრიზები და ფულადი პრემია გადასცა.

თამაშს ესწრებოდა სამტრედიის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია. მას და ვიცე-პრეზიდენტს შორის შედგა საქმიანი საუბარი სამტრედიის სოფლებსა და სკოლებში ლელოს აღორძინების შესახებ.

ეს თემა მით უფრო აქტუალურია, რომ სამტრედია ტრადიციულად იყო ლელოს ერთ-ერთი ცენტრი: დიდმა ჯიხაიშმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა 4-ჯერ: 1945, 1946, 1947 და 1949 წლებში, და სამჯერაც - 1951, 1970, 1971 წლებში - მეორე ადგილი დაიკავა.

მეტიც, 1882 წელს გაზეთი „დროება“ წერდა:

 

... ქვემო იმერეთში ახალ-კვირაობა ყველაზე უფრო განთქმული იყო და ახლაც არის სოფელ კულაშში - ერთ დროს საუკეთესო თავად მიქელაძეების საცხოვრებელში.

ბურთაობა კულაშში ნამეტურ გამოჩენილი იყო. მახსოვს, სულ ცოტა რომ ვთქვა, 1 500 ქვეითი და 500 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას ხელ’ჩართულ თამაშში. მჭვრეტელნი, რასაკვირველია, ათი იმდენი იქნებოდა.

უწინაც და ეხლაც მოთამაშენი გაყოფილა ორ, ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარედ: ერთ მხარეს ლელო გააქვს აღმოსავლეთით, წმ.გიორგის ეკლესიის გალავანში, მეორეს - დასავლეთით, საგანგებოდ დანიშნულ მიჯნასთან.

ორივე მხარე ღონისძიებას ხმარობს ლელოს გატანისათვის; ქვეითები რომ ბურთს იგდებენ ხელში, თავიანთ მომხრე ცხენოსნებს გადასცემენ, ამათ მოწინააღმდეგე ცხენები დაედევნებიან წასართმევად. შეიქმნება საზოგადო შეტაკება, შემოკივილი, ქვეითნი და ცხენოსნები ერთმანეთში ირევიან, ვინ ვის სძლევს, ეხლა გამოჩნდება...”

ლელო ჩხოროწყუში

სამეგრელოს რეგიონის 15-16 წლის ჭაბუკთა მორიგი ფესტივალი გაიმართა ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე. ამჯერად უკვე 6 გუნდი გამოვიდა ასპარეზზე: აბაშა, მარტვილი, ხობი, სენაკი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ.

ერთი თვე არცაა გასული, რაც ლელო დაინერგა ჩხოროწყუში და გუნდს უკვე დაეტყო, რომ კარგად გარკვეულა წესებში და არც თუ ცუდად - ტაქტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე წვიმდა, გუნდებმა ორ-ორი თამაში მაინც გამართეს. მაყურებელიც საკმაოდ შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც უწინ ეთამაშათ ლელო.

ფესტივალს მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თანამშრომელი დაესწრო. აი, რა გვითხრა გამგებელმა დავით გოგუამ:

„რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ლელო საქართველოს სპარტაკიადის პროგრამაში შედიოდა და რესპუბლიკის ჩემპიონატებიც ტარდებოდა, ჩვენი რაიონის გუნდი რეგულარულად მონაწილეობდა შეჯიბრებებში და  სახალხო დღესასწაულებზეც ხშირად იმართებოდა ლელო.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ეროვნული საუნჯე დავიწყების საშიშროების წინაშე დადგა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ლელოს ფედერაციას, რომ დაიწყო უძველესი თამაშის აღორძინება, ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რაიონში განვავითაროთ ლელო.

აქ გაიმართა სენაკისა და ხობის რაგბის გუნდების საჩვენებელი თამაში. როგორც ვიცი, მორაგბეები და ლელო’ბურთელები ტყუპი ძმებივით არიან. ჰოდა, შევეცდებით რაიონში რაგბიც დავნერგოთ“

საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით კილასონიამ აღნიშნა, რომ ჩხოროწყუში ჩატარებული ლელოს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორგანიზაციის მხრივ და მუნიციპალიტეტი საპატიო სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

მოზარდი ლელოელები

სენაკის სასულიერო სკოლა

მარტვილი

ხობი

2015 * სეზონი გაიხსნა

ფედერაციამ შეიმუშავა რამდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეროვნული  საუნჯის აღორძინებას. პროექტების მეტი წილი გულისხმობს ლელოს დანერგვას ახალგაზრდობასა და სოფლებში.

აღდგომის წინა დღეებში სენაკში დაიწყო სამეგრელოს მრავალ’ეტაპიანი ფესტივალი 15-16 წლის ჭაბუკთათვის. მონაწილეობდა ოთხი გუნდი: მარტვილი, სენაკი, აბაშა და ხობი.

ჩამოვიდნენ წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ფოთის წარმომადგენლებიც. ისინი გაეცნენ თანამედროვე ლელოს და გადაწყვიტეს, რომ მომდევნო ფესტივალზე, ხობში, გუნდებიც თან იახლონ.

ფესტივალთა სერია გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო მაისში დაიწყება სამეგრელოს სოფლების პირველობა.

12 აპრილს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია და ქვემო ქართლის რეგიონის თავკაცი თემურ ქურციკიძე დაესწრნენ შუხუთში გამართულ ტრადიციულ ლელოს და მასპინძლებს გადასცეს პრიზები და ფულადი პრემია.

2014 * სრულად (არქივში)

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

 ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

15/11 @ 2015