საქართველოს ლელოს ფედერაცია

Web Hosting

2014 * ლელოს საშობაო ფესტივალი

მოეწყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგიბერაოში. შეიკრიბენ ქუთაისის, სენაკისა და მარტვილის ბავშვთა გუნდები, სამი ასაკისა (7-8, 9-10, 11-12 წელი)

ლელოს უმარტივესი წესებიდან გამომდინარე, რაც გინდა გააკეთო მოედანზე, დარღვევად თითქმის არაფერი ითვლება, რითაც თამაში ძალზე დინამიური და უწყვეტი გამოდის.

ნაგიბერაო მარტვილის მესამე სოფელია, სადაც წელს ლელო გაიმართა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჯერ ერთი, მარტვილი ისტორიულად ყოველთვის იყო ლელოს ერთ-ერთი ცენტრი; მეორეც, აქ ცხოვრობს ქუთაისის აიას ძველი მორაგბე, საბჭოეთის ჩემპიონი ალექსანდრე გრიგალავა, ვინაც რაგბში ლელოდან მოვიდა და ამჟამად ჩვენი ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეა. მარტვილში სწორედ მისი მონდომებით იმართება ლელო ასე ხშირად.

ევროპელებიც ვათამაშეთ

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა "აღმოსავლეთი ევროპისა და კავკასიის ქვეყნების რესურს-ცენტრის ორგანიზაცია".

სტუმრებმა საგანმანათლებლო კურსები ჩაატარეს. ისინი დაინტერესდნენ ეროვნული სპორტის სახეობებით, განსაკუთრებით კი - ლელოთი, რასაც მოჰყვა სემინარი, რომელზეც ლადო კილასონიმ დამსწრეებს გააცნო თამაშის ისტორია, აუხსნა წესები და უპასუხა კითხვებს.

ლელოს ფედერაციის გამგეობის წევრმა, ლევან ვასაძემ სტუმრები მიიწვია კიკეთში და  დაათვალიერებინა სკოლა, რომელშიც დანერგილია სპორტის 12 სახე და მათ შორის ლელოც.

უცხოელები - 30 ქვეყნიდან ჩამოსული ქალბატონები და ბატონები - ორად გაიყვნენ და თანამედროვე ლელო დააჭაშნიკეს. მსაჯობდა გიორგი ენუქიძე. როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრებმა იოლად აუღეს ალღო მარტივ წესებს და იხალისეს. თამაში 3:1 დასრულდა.

დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაგვიხადეს მასპინძლობისთვის და დაგვპირდნენ, რომ არა მარტო მოუთხრობენ თანა-მემამულეებს ჩვენი უძველესი თამაშის შესახებ, არამედ საჩვენებელი მატჩების გამართვასაც ეცდებიან.

ლელო ჭყონდიდელის სახალხო ზეიმზე

25 სექტემბერს მარტვილში ჭყონდიდლობა გაიმართა. ზეიმის პროგრამაში სპორტს განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ლელოს საჩვენებელი თამაშიც მოეწყო.

ერთმანეთს შეერკინენ მეზობლები - სოფელ ნოქალაქევისა და მარტვილის ნორჩი ლელოელები.

ზეიმს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი, სამეგრელოს ლელოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ლევან შონია.

ლელო მარიაობაზე

ნამდვილი, ძველებური ლელო გაიმართა მარიამობის სახალხო დღესასწაულზე მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში.

მონაწილენი ორად გაიყვნენ: ერთ მხარეს ბახოს უბანი დადგა, მეორეს - ჭაბურთა.

თამაშს უმსაჯა საქართველოს ლელოს ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, მარტვილის გამგებელმა, ძველმა ლელობურთელმა და "აიას" ცნობილმა მორაგბემ, ალექსანდრე გრიგალავამ.

სანახაობას მთელი სოფელი დაესწრო. ვის აღარ ნახავდით - ბავშვებსა თუ ქალებს, შუა ხნის ხალხსა თუ ღრმად მოხუცებულებს. ბევრმა პირველად ნახა ლელო, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც თვითონ ეთამაშათ. ზოგიერთი ახლაც გაერია მარაქაში.

გაიმარჯვა ბახოს უბანმა 5:1 და საქართველოს ლელოს ფედერაციის მიერ დაწესებული თასით დაჯილდოვდა.

ტრადიციისამებრ, თამაშის შემდეგ სუფრა გაიშალა. დამსწრეებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილებს, მადლობა გადაუხადეს ახლად ჩამოყალიბებულ ლელოს ფედერაციას, რომელმაც თამაშის აღორძინება მთელს ქვეყანაში დაიწყო, და პირობაც დადეს, რომ ლელოს არა მარტო ყოველ მარიამობაზე ითამაშებენ, არამედ იზრუნებენ, რათა ჩვენი ეროვნული საგანძური მათ სოფელშიც დაინერგოს და რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა და ახალგაზრდამ შეითვისოს.

ლელო ხობში, ცოტნეობაზე

ხობი გახდა სამეგრელოს პირველი რაიონი, სადაც ჩატარდა ოფიციალური ჩემპიონატი სოფლებს შორის. შეჯიბრებაში ჩაება 15 გუნდი, თამაშები გაიმართა სხვადასხვა სოფელში, რაც მისასალმებელია, რადგან ეს ხელს შეუწყობს სპორტში ახალგაზრდების ჩაბმას და იმ ტრადიციების აღდგენას, რომელიც ოდითგან არსებობდა ჩვენს ქვეყანაში.

12 აგვისტოს, ცოტნე დადიანის სახელობის სახალხო ზეიმზე, ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა დასკვნითი ეტაპის მატჩები.

ნახევარფინალები

ხეთა 1:12 ხობი
ძველი ხიბულა 6:4 .პატარა ფოთი

მატჩი მესამე ადგილისათვის:

პატარა ფოთი 7:2 ხეთა

ფინალი

ხობი 13:2 ძველი ხიბულა

როგორც ანგარიშებიდან ჩანს, ხობის გუნდმა აშკარად დაჯაბნა მეტოქეები. ეს იმით აიხსნება, რომ ხობის გუნდში ძირითადად მოქმედი მორაგბეები თამაშობდნენ.

გამარჯვებული და პრიზიორები თასებით და დიპლომებით დააჯილდოვეს სამეგრელოს რეგიონის ლელოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა, სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და რეგიონის ფედერაციის პრეზიდენტმა გაიოზ მონიავამ.

საქართველოს ლელოს ფედერაციამ განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა ამ შეჯიბრის იდეის ავტორი და ორგანიზატორი, ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.

ფედერაცია აჭარაშიც დაფუძნდა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს ლელოს რეგიონალური ფედერაციების დაფუძნება: გურიას, სამეგრელოს და ქვემო ქართლს შეუერთდა აჭარაც.

10 აგვისტოს ქობულეთში, საკრებულოს შენობაში შეიკრიბნენ როგორც ადგილობრივი საკრებულოსა და გამგეობის წევრები, ასევე ბათუმიდან და აჭარის სხვა რაიონების ლელოთი დაინტერსებული საზოგადოება.

საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით კილასონიამ დამსწრეებს გააცნო, თუ რა გაკეთდა მოკლე პერიოდში, რაც ფედერაცია დაფუძნდა, და მოუთხრო იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ჩვენი ეროვნული თამაშის აღორძინებას.

საზოგადოებამ აჭარის რეგიონის ლელოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ბატონი ტელმან მესხიძე.

თავდაცვის სამინისტროს პირველობა

ჩვენს ეროვნულ საუნჯეს - ლელოს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბურთაობაა, ქართველი მეომრები უწინ თამაშობდნენ ბრძოლის დაწყებამდე და შესვენებისას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სპორტულ ღონისძიებათა ნუსხაში ლელოც შეიტანა. 30 ივლისს ბათუმში ჩატარდა პირველი ოფიციალური ჩემპიონატი სამხედრო ბრიგადებს შორის. შეჯიბრში 9 გუნდი ჩაება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები პირველად თამაშობდნენ ლელოს, მათ საკმაოდ კარგი ოსტატობა გვიჩვენეს, ხოლო ვაჟკაცობა, თავგანწირვა და ბრძოლის ჟინი საკმაოზე მეტიც იყო მოედანზე. ვინც ნახა ფინალური თამაში - და მაყურებელიც საკმაოდ იყო - დამეთანმება, რომ ასეთი დაძაბული და აზარტული თამაში დიდ ხანს დაგამახსოვრდება.

ფინალში გავიდნენ სენაკის მეორე და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადების გუნდები. მხოლოდ თამაშის ბოლო წუთზე გატანილმა ლელომ მოუტანა გამარჯვება ქუთაისელებს 4:3. სენაკელებს ვერცხლი ერგოთ, ხოლო ბრინჯაო ხონის საარტილერიო ბრიგადამ მოიპოვა.

პრიზიორები დააჯილდოვა და ჩემპიონის თასი გამარჯებულს გადასცა საქართველოს ლელოს ფედერაციის პრეზიდენტმა და ძველმა მორაგბემ, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ფესტივალი ოზურგეთში

დასავლეთ საქართველოში გრძელდება ლელოსა და რაგბის ფესტივალები. ამჯერად  უფროსი საფესტივალო ასაკის (2000-1) გუნდები ოზურგეთში შეიკრიბნენ.

ჩამოვიდა 21 გუნდი, რაც რეკორდია. როგორც რაგბში, ასევე ლელოში დაძაბული თამაშები გაიმართა.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ბავშვთა შორის ლელოს ოფიციალურ შეხვედრებს მორაგბეები ატარებენ. ეს აიხსნება იმით, რომ რაგბის კავშირი (პრეზიდენტი გია ნიჟარაძე) და ლელოს ფედერაცია (პრეზიდენტი ვახტანგ კაპანაძე) ერთობლივი ფესტივალების ჩატარების შესახებ შეთანხმდნენ.

სულ ორი თვეა, რაც ლელოს ფესტივალები იმართება, ბავშვებმა კი უკვე შეითვისეს ლელოს მარტივი წესები და ამ დინამიურ, ლაღ თამაშს დიდი სიამოვნებით მისდევენ.

ვინც ოზურგეთში ნახა მარტვილისა და ხობის, განსაკუთრებით კი - ჩოხატაურისა და ოზურგეთის თამაშები, დაგვეთანეხმება, რომ  საქართველოში ლელოსაც რაგბივით ნათელი მომავალი ექნება.

"ღონეს თასი" მარტვილს

აწ გარდაცვლილი გამოჩენილი მორაგბისა და ლელობურთელის, ავთო "ღონე" გიორგაძის ხსოვნის თასი გათამაშდა მის მშობლიურ ჩოხატაურში, ლელოსა და რაგბის ბავშვთა ფესტივალის ფარგალში.

გურიის რეგიონის ლელოს ფედერაციის (ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი ცინცაძე) მიერ დაწესებული "ღონეს თასი" ტრადიციული გახდება, პირველი გათამაშების ფინალში კი მარტვილმა ხობი დაამარცხა.

ლელო ლანჩხუთში

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში გაიმართა ლელოსა და რაგბის ფესტივალი. კარგია, როცა სოფლებში იმართება ჩვენი ეროვნული თამაში.

ფესტივალში 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებულები ასპარეზობდნენ. სასიამოვნოა, რომ ლელოს ეზიარნენ ქუთაისელი ბავშვები და პირველი გამარჯვებაც იზეიმეს - მარტვილელ თანა-ტოლებს აჯობეს. ქუთათურებმა საკმაოდ გააზრებული თამაში აჩვენეს, რაც გასაკვირი არაა, რაკი მათ ავარჯიშებს დამსახურებული მწვრთნელი რამაზ სვანიძე, ვისაც ლელო მრავალჯერ უთამაშია.

ლელო ხობსა და მარტვილში

ჩვენი ეროვნული თამაში - ლელო - სულ უფრო პოპულარული ხდება.

ბავშვები და მოზარდები მას დიდი სიხარულით თამაშობენ. შაბათს ხობში გაიმართა 2002-3 წლებში დაბადებულ მოზარდთა ლელოსა და რაგბის ფესტივალი.

მონაწილეობდა 17 გუნდი. თამაშები ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. სასიხარულოა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა აღორძინდეს ჩვენი ეროვნული საგანძური. ფესტივალს ესწრებოდნენ რაიონის გამგებელი, საკრებულოს წევრები და სამეგრელოს რეგიონის ლელოს ფედერაციის აქტივი.

კვირას 2004-5 და 2006-7 წლებში დაბადებულთათვის ასეთივე ფესტივალი მარტვილის რაიონის სოფელ ნაგიბერაოში მოეწყო.

მისასალმებელია ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივა, რათა ლელოს პოპულარიზაციის მიზნით ფესტივალები სხვადასხვა სოფელში გაიმართოს.

მალე მარტვილში ჩატარდება რაიონის პირველობა სკოლებს შორის და ქვეყნის მასშტაბით ეს იქნება პირველი შემთხვევა. მარტვილს ლელოს მდიდარი ტრადიცია აქვს, იდეა კი ეკუთვნის  ძველ მორაგბეს, საქართველოს ლელოს ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარეს, ალექსანდრე გრიგალავას.

სამეგრელოში ახლახანს რეგიონალური ფედერაციაც ჩამოყალიბდა. მის თავმჯდომარედ აირჩიეს ძველი მორაგბე გაიოზ მონიავა , ხოლო საპატიო პრეზიდენტად - სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია.

ლელო სენაკში

გრძელდება ლელოსა და რაგბის ერთობლივი ფესტივალები. ამჯერადაც დასავლეთ საქართველოს გუნდები სენაკში შეიკრიბენ.

ბაშვებმა (2003-4 და 2005-6) ითამაშეს როგორც ლელო, ასევე რაგბი. განსაკუთრებით აღსანიშნავი არიან სენაკის სასულიერო სკოლის (დირექტორი ნ.ჯანჯღავა) მოზარდები: ჯერ ერთი, ამ სკოლამ ფესტივალზე სამი გუნდი გაიყვანა ორ ასაკში - აქედან ორი, უმცროსთა, რაც იშვიათობაა; და მეორეც, 8-9 წლის პატარებმა (სპორტის მასწავლებელი მ.კილასონია) ულამაზესი ლელო უჩვენეს ბლომად მაყურებელს

დასავლეთ საქართველოში ლელოსა და რაგბის კოორდინატორმა, ბატონმა სოსო დიაკონიძემ ფესტივალის თითოეულ მონაწილეს გადასცა სამახსოვრო დიპლომი, მასპინძლებს კი მადლობა გადაუხადა ფესტივალის ფრიად დონეზე ჩატარებისათვის.

ლელო თერჯოლაში

12 აპრილს თერჯოლაში გაიმართა დასავლეთი საქართველოს ლელოსა და რაგბის ფესტივალი 2000-1 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის.

ბავშვებმა ითამაშეს როგორც ლელო, ასევე რაგბი. ჩვენი ეროვნული ბურთაობა დიდი მოწონებით სარგებლობს. ლელოში ჩაებნენ ხონის, ამბროლაურის, ხობისა და მარტვილის გუნდები.

სხვადახვა ასაკში ასეთი ფესტივალები გვიან შემოდგომამდე გაგრძელდება, რაც იმედს გვისახავს, რომ ლელოს გაიხსენებენ როგორც დასავლეთის სხვა კუთხეებში, ასევე მთელ საქართველოშიც.

2014 * ლელო დაიწყო

ჩვენი ეროვნული თამაშის - ლელოს აღორძინება დაიწყო.

საქართველოს რაგბის კავშირისა და ლელოს ფედერაციის ურთიერთ-შეთანხმებით, ბავშვთა და მოზარდთა რაგბის ფესტივალებზე ლელოსაც ითამაშებენ.

ეს საინტერესო იდეა უკვე ხორციელდება. 5 აპრილს წყალტუბოში გაიმართა პირველი ფესტივალი დასავლეთ საქართველოს გუნდების მონაწილეობით.

მალე აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებიც დაიწყებენ ლელოს თამაშს. ეს მოგვცემს საშუალებას, სულ მცირე, 3 ათას, სხვადასხვა ასაკის მოზარდს შევასწავლოთ ლელო.

თავდაცვის სამინისტროში ლელო ოფიციალურადაა შეტანილი სპორტულ ღონისძიებათა კალენდარში. რუსთავში უკვე გაიმართა ლელოს შეჯიბრი სამხედრო ბრიგადებს შორის, ივნისიდან კი დაიწყება ჩემპიონატი 12 გუნდის მონაწილეობით.

გრძელდება რეგიონალური ფედერაციების ჩამოყალიბება. 6 აპრილს ახალციხეში დაფუძნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ლელოს ფედერაცია. მის პრეზიდენტად ძველი მორაგბე, გიორგი კარკაძე აირჩიეს.

ზაფხულში ჩატარდება რეგიონების ჩემპიონატები როგორც დიდებში, ასევე სკოლებს შორის, ხოლო შემოდგომაზე - საქართველოს ჩემპიონატი რეგიონთა (გურია, სამეგრელო, იმერეთი ...) ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

 

შინ

წესდება
გამგეობა


 ამბები

მოსაზრებანი
თამაშის წესები
ტაქტიკა
 გაკვეთილები

ისტორია
გალერია
ბიბლიოთეკა
ვიდეოთეკა

ფორუმი
მეილი

ფეისბუქი


Free web hostingWeb hosting

შეგვეხმიანეთ, მოგვაწოდეთ მოსაზრებები, სიახლეები და ისტორიული მასალები

19/05 @ 2015